უმაღლესი განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა – UniGeo – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი

უმაღლესი განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა

  • 13 დეკემბერი, 2017

განათლების დარგში კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო ცენტრის (ქ. დიუსელდორფი) ორგანიზებითა და საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, 2017 წლის სამი დეკემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით განხოციელდა უმაღლესი განათლების სფეროში დასაქმებული პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა სახელწოდებით „ხარისხის მენეჯმენტი განათლების დარგში.“ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გერმანიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - თამარ გიორგობიანი, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - გოჩა ოჩიგავა, კერძო სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი - თამარ კერძაია და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკის დოქტორი - ნონა გელიტაშვილი. სამუშაო ვიზიტს ხელმძღვანელობდა განათლების დარგში კვალიფიკაციის ამაღლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში - გოჩა ოჩიგავა.
პროგრამა მიზნად ისახავდა გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ დანერგილი თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის გაცნობასა და გერმანიის უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა მოიცავდა გერმანიის წამყვანი უნივერსიტეტების (Heinrich-Heine Universität Düsseldorf, Universität Duisburg Essen, Universität Paderborn, Universität zu Köln და Wilhelm Büchner Hochschule) პროფესორებთან, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურისა და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლებთან შეხვედრას. პროგრამის ფარგლებში მონაწილე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები, კერძოდ: სტუდენტებისათვის გერმანიაში სწავლის გაგრძელებისა და სტაჟირებისა და დასაქმების მიზნით, გერმანიის წამყვან კომპანიებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და გერმანიაში სწავლის გაგძელების ახალი პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდენენ ორმხრივ თანამშრომლობაზე, რაც გერმანიის წამყვანი პროფესორების საქართველოში მოწვევასა და უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან სამუშაო შეხვედრებს გულისხმობს. ქალაქ კიოლნში გამართულ დასაქმების ფორუმზე, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტმა მიაღწია შეთანხმებას გერმანიის წამყვან კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში სტაჟირებისა და დასაქმების ფართო შესაძლებლობებს ქმნის.
გერმანულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პროცესი და გამოთქვა სრული მხარდაჭერა საგანმანათლებლო პროცესის განვითარების საქმეში.